პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო სეგმენტზე ფოკუსირდება და 10 000 ევრომდე მიკრო სესხების ბაზრიდან გადის. პროკრედიტ ბანკმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომლის მთავარი თემა ახალი სტრატეგიის და გასული წლის შედეგების პრესის წარმომადგენლებისთვის გაცნობა იყო.
ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის/ გენერალური დირექტორის ასმუს როტნეს განმარტებით, საბანკო სექტორში მოღვაწეობის 15 წლიანი გამოცდილების შედეგად, ბანკი სტრატეგიას ცვლის, რაც 10 000 ევრომდე მიკრო სესხების ბაზრიდან გამოსვლასა და შესაბამისი მიკრო პორტფელის გაყიდვას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პორტფელი მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 5%-ია.
„ბანკის ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე და შედეგად მთელი რესურსები მიიმართება მცირე და საშუალო სექტორის მომსახურებაზე, მათთვის დახვეწილი და სრულყოფილი საბანკო სერვისების შეთავაზებაზე. ბანკი თვლის, რომ ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ბიზნესის სწრაფად გაფართოებასთან ერთად ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.", - აცხადებს დირექტორი ასმუს როტნე.