26 იანვარს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის (PFM) მხარდამჭერი პროექტის წარმომადგენლებს, რომელსაც კომპანია "ლუისბერგერის" ინსტიტუციური დეპარტამენტის დირექტორი დაფნე ბენაიოუნი ხელმძღვანელობს.
„საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის" მესამე ფაზის განხორციელების მხარდასაჭერად, საქართველოში მიმდინარე წლის 20 იანვრიდან დაიწყო ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი და მისი მიზანია, ფინანსთა სამინისტროსთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის საკითხებში ხელშეწყობა.
აღნიშნული პროექტის ხანგრძლივობა 28 თვეა და იგი მთლიანად ორიენტირებულია ბენეფიციარი უწყებების მოთხოვნებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და პროექტის განმახორციელებელ ჯგუფთან, რათა სამინისტროს საჭიროებები და მოთხოვნები პასუხობდეს PFM-ის მიზნებს.