"ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულ მამა ილია კარტოზიას ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვნეს და სვეტიცხოველში გადაასვენებენ.
მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ხვალ, 20 იანვარს კი მამა ილია კარტოზიას მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ, სადაც მამაო წლების განმავლობაში მსახურობდა.
შეგახსენებთ, რომ მამა ილია კარტოზიას ცხედარი სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს, რის შემდეგაც სამების საკათედრო ტაძარში მიასვენეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. გარდაცვლილის ხსოვნას პატივი ტაძარში მისულმა მრევლმაც მიაგო.
მამა ილია კარტოზია 28 დეკემბერს ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად, ევაკუაციის დროს დაიღუპა.
ბორანზე საქართველოს კიდევ 7 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა ყველა მათგანი უვნებლად გადარჩა.