2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9%-თაა გაზრდილი. PMC Research Center-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რეალური მშპ-ს ზრდაში ყველაზე დიდი წილი მშენებლობის (1.2 პროცენტული პუნქტი), მრეწველობისა (1.1 პროცენტული პუნქტი) და ვაჭრობის (1.1 პროცენტული პუნქტი) სექტორებს აქვს.
"აღნიშნულ პერიოდში გაზრდილია, აგრეთვე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (29.1%; 208.3 მლნ. დოლარი) III კვარტალში ინვესტიციების 99.2%-იანი (252.7 მლნ. დოლარი) ზრდის ხარჯზე. საყურადღებოა, რომ 2008 წლის შემდეგ ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა არც ერთ კვარტალში. 2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 923.3 მლნ. დოლარია", - აცხადებენ PMC Research Center-ში.
მათივე ინფორმაციით, 2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, მშპ-ს სტრუქტურა 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურია. ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის (16.7%), ვაჭრობის (14.6%), მრეწველობის (12.9%) და სოფლის მეურნეობის (9.8%) სექტორები ჯამურად გამოიმუშავებენ მთლიანი მშპ-ს 54.0%-ს. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად გაზრდილია მშენებლობის (16.3%), საფინანსო საქმიანობისა (10.6%) და ფინანსური შუამავლობის მომსახურების (10.5%) სექტორები.
"რეალური მშპ გაზრდილია, როგორც I (7.2%), ასევე, II (5.2%) და III (5.6%) კვარტლებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ, წინასწარი მონაცემებით, ოქტომბრის თვეში მშპ-ს ზრდის ტემპი შემცირებულია და 3.5% შეადგენს, ხოლო ნოემბრის თვეში ეს მაჩვენებელი უარყოფითია (-0.5%). 2013 წლის ნოემბერში ეკონომიკური ზრდა 8.0% იყო"- აღნიშნულია PMC Research Center-ის ანგარიშში.
ირკვევა ისიც, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია I (5.2%) და III (99.2%) კვარტლებში, ხოლო II კვრტალში ინვესტიციების მაჩვენებელი შემცირებულია (-26.7%).
2014 წლის სამი კვარტლის მდგომარებით, ინვესტიციები ყველაზე მეტად გაზრდილია მშენებლობის (312.7%; 157.4 მლნ. დოლარით), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (122.1%; 139.6 მლნ. დოლარით) და დამამუშავებელი მრეწველობის (167.6%; 95.4 მლნ. დოლარით) დარგებში. ხოლო ყველაზე მეტად შემცირებულია ენერგეტიკასა (-52.9%; -104.1 მლნ. ლარი) და საფინანსო საქმიანობაში (-100.2%; -128.2 მლნ. დოლარი).
"2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, უმსხვილეს ინვესტორთა სამეულს ქვეყნების მიხედვით წარმოადგენს: ნიდერლანდები (28.6%), აზერბაიჯანი (23.7%) და ჩინეთი (17.0%). ინვესტორების სტრუქტურა ქვეყნების მიხედვით განსხვავდება 2013 წელს არსებული სტრუქტურისგან. 2013 წელს საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა სამეულს წარმოადგენს: ლუქსემბურგი (18.2%), ნიდერლანდები (14.7%) და ჩინეთი (12.7%).
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების სტრუქტურა სექტორების მიხედვით შეცვლილია 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2014 წლის სამ კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (27.5%), მშენებლობა (22.5%) და დამამუშავებელი მრეწველობა (16.5%). მაშინ, როცა 2013 წლის აღნიშნულ პერიოდში ინვესტირებისათვის მოთხოვნადი სექტორები იყო: ენერგეტიკა (27.5%), საფინანსო სექტორი (17.9%) და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (16.0%).
2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, რეალური მშპ-ს ზრდაში, მშენებლობის შემდეგ, ყველაზე დიდი წილი (1.1 პროცენტული პუნქტი) მრეწველობის სექტორს (დამამუშავებელი და სამთომომპოვებელი მრეწველობა) აქვს.
გაზრდილია, როგორც მრეწველობაში პროდუქციის გამოშვება (12.6%; 621.2 მლნ. ლარი), ასევე - ბრუნვა (13.0%; 726.5 მლნ. ლარი). მრეწველობის ზრდის მაჩვენებელი 6.7%-ია (116.4 მლნ. ლარი), თუმცა, შემცირებულია ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა (-4.1%; -4527 კაცით).
აღნიშნულ პერიოდში გაზრდილია მრეწველობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც (173.7%; 97.4 მლნ. დოლარი), რაც ამ პერიოდში ქვეყანაში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.2%-ია.
მესამე სექტორი, რომელსაც რეალური მშპ-ს ზრდაში დიდი წილი აქვს (1.1 პროცენტული პუნქტი), ვაჭრობაა.
აღნიშნულ პერიოდში გაზრდილია როგორც ვაჭრობაში პროდუქციის გამოშვება (16.8%; 439.0 მლნ. ლარი), ასევე - ბრუნვა (13.8%; 2097.7 მლნ. ლარი) და დასაქმებულთა რაოდენობა (8.9%; 9490 კაცით). შედეგად, ვაჭრობის სექტორის რეალური ზრდის მაჩვენებელი 8.0%-ია (123.5 მლნ. ლარი).
საინტერესოა, აგრეთვე ვაჭრობის დარგში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც, თუმცა, აღნიშნული ინდიკატორი ცალკე არ აღირიცხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ"- განმარტავენ PMC Research Center-ში.