ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) და ევროპის კავშირი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ძალისხმევას აერთიანებენ. როგორც "ევრობანკის" მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ერთობლივი პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობივ საწარმოებს კრედიტების აღებაში და ამით საწარმოო საშუალებების განახლებასა და ევროკავშირის ახალი სავაჭრო შესაძლებლობებით სარგებლობაში.
„მცირე ბიზნესი მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ბედნიერი ვარ გამოვაცხადო ეს ახალი პროგრამა, რომლის დაწყება ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, ისევე როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების სრული მასშტაბით ათვისებაში", - განაცხადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებზე ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.
"გვახარებს, რომ ამ ახალი შესაძლებლობით ადგილობრივი მცირე ბიზნესის დახმარების არეალი ფართოვდება. ევრობანკს ძლიერი გამოცდილება აქვსამ სექტორში, რაც პროგრამას მყარ საფუძველს უქმნის. ევროკავშირთან ჩვენი ერთობლივი პროგრამა სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ბანკებს, რომლებიც ფინანსური რესურსის გადასესხებას მოახდენენ ადგილობრივ ბიზნეს სუბიექტებზე. შედეგად, პროგრამის ბენეფიციარებს გაუჩნდებათ ფინანსები, ისევე როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა", - განმარტავს ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიის რეგიონული დირექტორი, ბრუნო ბალვანერა.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი საწარმოებისთვის პროგრამა საჭირო დაფინანსებას უზრუნველყოფს: ევროკავშირის გრანტის მოცულობაა 10 მლნ ევრო, რომელიც გამოყენებული იქნება ევრობანკის მინიმუმ 69 მლნ ევროიანი დაფინანსების გარანტიის უზრუნველსაყოფად. თავად ევრობანკის კრედიტით დაფინანსდება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოები. ცალკეული პროექტების დაფინანსების დიაპაზონი 0.5 მლნ-დან 10 მლნ ევრომდე იქნება, ძირითადად საშუალო ზომის საწარმოებისთვის. ეს პროგრამა არის იმ მექანიზმის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანმების განხორციელებას.