2014 წლის 15 დეკემბერს სასტუმრო "Holiday Inn" -ში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" წარმომადგენლებმა ექსპორტის განვითარების გეგმებთან და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიებაზე განიხილეს საკვები, სასმელი და ფარმაცევტული პროდუქტების საერთაშორისო გამოფენები, სადაც სააგენტოს დახმარებით 2015 წელს დაგეგმილია ქართული პროდუქციის წარდგენა და უცხოურ ბაზრებზე აქტიური პოპულარიზაცია.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიზანს წარმოადგენს საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია სხვადასხვა სამიზნე ბაზრებზე და ამასთანავე ექსპორტიორებისათვის ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
პრეზენტაციის ფარგლებში მოწვეულ კომპანიებს მიეწოდათ ინფორმაცია გამოფენებისთვის მოსამზადებელი პროცესის დეტალებზე, სააგენტოს წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ქართული კომპანიების წარმატებულ მაგალითებზე გამოფენებზე შედეგიანი კონტაქტების დამყარებისა და შემდგომ პროდუქციის საცდელი პარტიების მიწოდების კუთხით.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით 2015 წელს ქართველ ექსორტიორებს მიეცემათ შანსი წარადგინონ საკუთარი პროდუქცია საკვები პროდუქტების, სასმელებისა და ფარმაცევტულ ისეთ საერთაშორისო გამოფენებზე, როგორებიცაა „RIGAFOOD 2015" (რიგა, ლატვია); "SIAL CHINA 2015" (შანხაი, ჩინეთი); "Summer Fancy Food Show" (ნიუ-იორკი, აშშ); "Gulf Food 2015" (დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები); საკვები პროდუქციის გამოფენა-"Anuga" (კიოლნი, გერმანია); ფარმაცევტული პროდუქციის გამოფენა „CPhl"( მადრიდი,ესპანეთი).
მეწარმეობის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს სტენდის მოწყობასა და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას, ქართული კომპანიების ადგილობრივ მყიდველებთან დაკავშირებას, ქართული პროდუქციის საერთაშორისო კონკურსებზე გაგზავნას. სააგენტო ამასთანავე დაფარავს გამოფენებთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილს.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით ქართული კომპანიების მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებზე საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. ქართული პროდუქცია წარდგენილ იქნა გამოფენებზე: „RIGAFOOD 2014", „SIALPARIS 2014",„SIAL MIDDLE EAST 2014" „15TH Western China international Fair".
2014 წელს გამოფენების მეშვეობით კომპანიების მიერ გაფორმებული კონტრაქტების ღირებულებამ 1 260 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.