მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროში, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის შეთანხმებას 100 მლნ იაპონური იენის (დაახლოებით 850,000 აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ტოშიო კაიტანიმ.
არასაპროექტო გრანტი გამოყენებული იქნება საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის, კერძოდ, ბუნებრივი და ანთროპოგენული კატასტროფების რისკის განსაზღვრისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობის და ტექნიკის (ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების პარამეტრებზე დაკვირვების აპარატურა, ასევე წყლის ხარისხისა და ნიადაგის გამოსაკვლევი აპარატურა) შესაძენად.
საგრანტო დახმარება (100 მილიონი იაენი) წარმოადგენს დამატებას არასაპროექტო საგრანტო შეთანხმებაზე, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში გაფორმდა და რომლის ფარგლებშიც იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობისთვის გამოყო 200 მილიონი იენი.