პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს "ალიანსის" საქმიანობაში "მეტი პოზიტივის შეტანა შეუძლია, ვიდრე ნეგატივის".
"დიპლომატების სიმრავლე "ალიანსში" აქამდეც არსებობდა და თუ კიდევ ერთი კვალიფიციური დიპლომატი შეემატა მას თავისი პარტიით, რასაკვირველია, ეს ამ გაერთიანებას მეტ პოპულარობის ნიშანს შესძენს. ამით "ალიანსის" მიმართ საერთაშორორისო ინტერესი გაიზრდება. ზურაბიშვილი ის პოლიტიკური ფიგურა გახლავთ, რომელსაც "ალიანსი საქართველოსთვის" საქმიანობაში ბევრად მეტი პოზიტივი შეუძლია შეიტანოს, ვიდრე ნეგატივის - პირველ ყოვლისა, ესაა გონიერება, რომელიც ალიანსს ისედაც არ აკლია და ტაქტი, რომელიც ალასანია-გამყრელიძე-უსუფაშვილის ტრიადას ყოველთვის მკაფიოდ და ცალსახად რაფინირებული არ ჰქონდა", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსის" შემადგენლობაში "საქართველოს გზის" გაწევრიანების საკითხზე კომენტირებისას.
პოლიტოლოგის შეფასებით, იმ უკანასკნელი განცხადებების ფონზე, რომელსაც ზურაბიშვილი აკეთებდა, "ალიანსთან" მისი პოლიტიკური თანამშრომლობა "სიურპრიზი არ ყოფილა".
"ეს ადვილად წაკითხვადი იყო", - განმარტავს ცისკარიშვილი, რომელიც აღნიშნულის პარალელურად, ეჭვობს, რომ "ალიანსის" კონსტრუქცია არჩევნების შემდეგ, მისი შედეგის მიუხედავად, შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს გზა" "ალიანსი საქართველოსთვის" შეუერთა. ამის შესახებ ოფიციალურად დღეს გაცხადდა.