სებ-ის პრეზიდენტი დუმილს არღვევს და ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი სწრაფი ეკონომიკური ზრდაა.
"მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის გარანტია არის სებ-ი, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ და საქმით დაგვიდასტურებია. სებ-ის მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. როგორც წესი ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ კომენტარს მოკლევადიანი ფლუქტუაციის დროს, მაგრამ ვინაიდან სახეზეა გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები და არასტანდარტული ეროვნული ვალუტის ფლუქტუაცია, მინდა გავაკეთო განცხადება ამასთან დაკავშირებით.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს, როგორც შიდა ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები. ბოლო 7 წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად, ადგილზე გვაქვს შიდა სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება, ან კლება. ამავე დროს ჩვენი გათლებით, ეს დისბალანსი უკვე აღმოფხვრილია და უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსში. რაც შეეხება იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში იგი დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ დროს ფინანსური ბაზრებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბაზრის ის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც იღებენ და ან მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს კონვერტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი ყოველთვის ზარალობენ, ვინაიდან ყველა გაუფასურებას მოსდევს გამყარება და ამას არაერთხელ ქონია ადგილი, როგორც დოლარი/ლარის გაუფასურების დროს, ასევე დოლარი/ევროს მნიშვნელოვანი ფლუქტუაციის დროს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა აისახება ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე, ჩვენ არ ველოდებით დაგეგმილზე მეტ ინფლაციურ ზეწოლებს. ამის მიზეზი კი არის ორი:
პირველი: ყველა სასაქონლო ჯგუფზე მსოფლიო ბაზარზე, ისეთ სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ნავთობი, როგორიცაა ხორბალი, შაქარი, ზეთი მნიშვნელოვანი ფასების კლება.
მეორე მიზეზი, რომლითაც არ ველოდებით მნიშვნელოვან ზეწოლას, ეს არის მონეტარული აგრეგატების ფაქტორი. უფრო მარტივად კი ფულის მასა შარშანდელისგან განსხვავებით არ გაზრდილა. და უფრო მეტიც, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მინდა გითხრათ, რომ დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება, რაც კიდევ ერთხელ შეასუსტებს ზეწოლას ინფლაციაზე.
სამწუხაროდ, ამ დროს ყველაზე მეტად ზარალდება ის მოქალაქეები, რომელთაც სესხი აქვთ დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში. აქ პასუხია მხოლოდ ერთი: ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა და საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, ეკონომიკის ზრდის პირობებში საშუალო ვადიან პერიოდში ლარს ყოველთვის ექნება გამყარების ტენდენცია.
და ბოლოს აუცილებლად მინდა აღვნიშნო, ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით და ვაანალიზებთ მიმდინარე პროცესებს და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ, კიდევ უფრო გაზრდილ ნეგატიურ მოლოდინებს, ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან და მოცულობით ინტერვენციებს, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით, იმისათვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური. ხოლო დასკვნის სახით აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ჩვენი გამოწვევის წამალი, რეცეპტი არის მხოლოდ ერთი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.