სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს ხვდებიან.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს შეხვედრის თემაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმასთან თანამშრომლობის გაღრმავება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში".
შეხვედრა, რომლის მიზანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მექანიზმებზე საუბარი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შტეფენ შთორქი და დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიგი ბრეგაძე წარსდგნენ.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ დოლიძემ ყურადღება ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენგან რჩევები, რეკომენდაციები, კრიტიკა. არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში დღითიდღე უფრო ვითარდება. ერთის მხრივ, საინტერესოა, თუ რას ფიქრობთ თქვენ და როგორ მუშაობთ ამ თემებზე, მეორე მხრივ კი გვაქვს ვალდებულება, რომ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იყოთ ჩართული და თქვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები მოვისმინოთ". ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და სამომავლო პერსეპქტივების შესახებ დისკუსიის შესაძლებლობებისთვის.
„ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა პარლამენტთან. გვაქვს კარგი მიზეზი საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერისთვის. ეს არის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაა ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. დიდია ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლი. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ხდება ინფორმაციების, მოსაზრებების და ხედვების გაცვლა", - აღნიშნა შტეფენ შთორქიმ.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ისეთ თემებს განიხილავენ, როგორიცაა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ეროვნულ პლატფორმასთან თანამშრომლობის გაღრმავება; დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა; ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია; გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებები და ენერგეტიკული უსაფრთხოება.
ღონისძიება, რომელშიც 25 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოხსენებითი გამოსვლების შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.