"სილქნეტსა" და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში საიდუმლო აღარაფერია - პროკურატურის მიერ მთელი ხელშეკრულებაა მოყოლილი, - ამის შესახებ ნდობის ჯგუფის წევრმა ოპოზიციის კვოტით და ამავე ჯგუფის ყოფილმა თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა.
"სახელმწიფო უწყებების მხრიდან ამ ეტაპისთვის ნდობის ჯგუფი არის იგნორირებული. დღეს კიდევ ერთხელ მქონდა კონსულტაციები ნდობის ჯგუფის იურისტებთან. კანონი ითვალისწინებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ყველა უწყებისაგან საიდუმლო შესყიდვებზე ინფორმაციის მოწოდებას. 2013 წელს კანონში განხორციელებული ცვლილებებით კი, ვალდებულება გაჩნდა, რომ 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შესწყიდვის განხორციელებისთანავე ინფორმაცია მიეწოდოს ნდობის ჯგუფს და ასევე 4 მილიონზე მეტი ღირებულების სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას", - განაცხადა დეპუტატმა.
მისვე თქმით, დღევანდელი მონაცემების მიხედვიოთ, მსგავსი შესყიდვა არც ერთ უწყებას არ განუხორციელებია, „თუ არ ჩავთლით ე.წ. კაბელების საქმეს, რომელიც ნდობის ჯგუფისთვის მიწოდებული ერთადერთი ინფორმაციაა".
„ თუკი ასეთი შესყიდვა სახელმწიფოს ორი წლის მანძილზე არ განუხორციელებია, მას ფუნქციონირება დაუსრულებია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი შესყიდვები განხორციელდა, მაგრამ ნდობის ჯგუფს მასალები არ გადმოეგზავნა. მოთხოვნის მიუხედავად ასეთი მასალები ახლაც არ არის გადმოგზავნილი. ამ ეტაპისათვის შეიძლება ითქვას, რომ ყველა უწყებას ნდობის ჯგუფი პრაქტიკულად ფეხებზე ჰკიდია", - აცხადებს გივი თარგამაძე.
დეპუტატის თქმით, ნდობის ჯგუფისთვის წარმოდგენილია 2011, 2012, 2013 წლების შემოწმების მასალები, მაგრამ 2013 წლის შემოწმება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში და შინაგან საქმეთა სამინისტორს ერთ-ერთ დანაყოფის - დაცვის პოლიციასთან მიმართებით ვრცელდება. ყველაფერი სხვა დანარჩენი 2012 წლით მთავრდება.
"ტრადიცია გრძელდება, როდესაც შინაგან საქმეთა საინისტრო არის შეუვალი უწყება, რომელიც ინფორმაციას არ გასცემს. ინფორმაციები არის დაფარული და ტაბუ შენარჩუნებულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ან პარლამენტის წინაშე უნდა დაისვას საკითხი, რომ უწყებებმა პარლამენტს და მისი კონტროლის მექანიზმს - ნდობის ჯგუფს სცენ პატივი. სხვა შემთხვევაში ნდობის ჯგუფის არსებობას აზრი არ აქვს", - განაცხადა დეპუტატმა.