ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს კონსულის ანდრო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ბიშკეკში არეულობის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კაჭკაჭიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ყირგიზეთში ქართველების 30 ოჯახი ცხოვრობს.
"ბიშკეკში არეულობა კვლავ გრძელდება, თუმცა ჩვენი მოქალაქეებიდან არავინ დაშავებულა. გუშინ არეულობის დაწყებისთანავე ყირგიზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გავაფრთხილეთ, რომ ვითარების დარეგულირებამდე ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ", - აღნიშნა ყირგიზეთში საქართველოს კონსულმა.
შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში მომხდარი არეულობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 68-ს და დაშავებულთა რაოდენობამ 500-ს ადამიანს გადააჭარბა. ქვეყანას ამ დროისთვის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით ეროვნული თანხმობის მთავრობა მართავს. მინისტრთა კაბინეტი კი სრული შემადგენლობით გადაგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის მხარეს პოლიციაც გადავიდა. ამ დროისთვის ყირგიზეთის საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან ჩაკეტილია. ოპოზიციამ კონტროლი დედაქალაქთან მდებარე საერთაშორისო აეროპორტზეც დაამყარა.