2008 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებზე დღეს დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინასასამართლო განხილვა გაიმართება.
სხდომაზე, ბრალდების მხარე საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს წარადგენს, ხოლო დაცვის მხარე, ალექსანდრე ნინუასთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმებისა და სისხლი სმართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში არიან ბრალდებულნი.
გამოძიების ინფორმაციით, 2008 წელს, ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სასწავლო წვრთნები უნდა ჩატარებულიყო, კომპანია "Girwood Business Corp."-ს თავდაცვის სამინისტროდან ოფშორულ ზონაში არსებულ საბანკო ანგარიშზე საავანსო თანხად გადაერიცხა 2 330 937 ევრო. ხოლო დარჩენილი თანხების გადარიცხვის მიზნით, თავდაცვის სამინსიტროში ყალბი ანგარიში შედგა, თითქოსდა კომპანიის მიერ სამხედრო დანაყოფებში ჩატარებული სწავლებების შესახებ, რითაც კომპანია "Girwood Business Corp''-ის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა დამატებით 2 729 062.50 ევრო. მთლიანობაში, დავით კეზერაშვილმა და ალექსანდრე ნინუამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისე რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბრძოლო სწავლების კურსები არ ჩატარებულა, კომპანიის "Girwood Business Corp''-ის სასარგებლოდ გაფლანგეს 5 060 000 ევრო, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაყენეს დიდი ოდნობით მატერიალური ზიანი.
ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით.