პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბათუმის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში ცვლილებებს არ გამორიცხავს.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში არსებობენ ადამიანები რომელთაც განსხვავებული შეფასებები და პოზიცია გააჩნიათ. როგორც დუმბაძე აცხადებს მათი რაოდენობა იმდენია, რომ ისინი პარლამენტში ორი ფრაქციის შექმნას აუცილებლად მოახერხებენ.
,,უმრავლესობაში არიან ადამიანები იმ შემთხვევაში თუ ისინი უმრავლესობას დატოვებენ ორი ფრაქცია მაინც შეიქმნება. ამით იმის თქმა მინდა რომ უმრავლეობაშია საკმაოდ ბევრია იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც განსხვავებულად აზროვნებენ", _განაცხადა დუმბაძემ.
,,ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის რღვევას დუმბაძე პასუხობს:
,,მე ვამბობ, რომ პოლიტიკური პროცესია რახან უმრავლესობა დაიბადა მოვა დრო და ის აუცილებლად დაიშლება. ", _აცხადებს დუმბაძე, რომელიც იმ მიზეზებსაც განმარტავს რის გამოც შესაძლოა უმრავლესობის რიგები რამდენიმე ადამიანმა დატოვოს.
,,უკმაყოფილება არის იმგვარი რაც მე მაქვს. კერძოდ, ეს არის თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, პარტიული სიები, საგარეო პოლიტიკა და ბევრი სხვა საკითხი", _აცხადებს დუმბაძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.