საიდუმლო შესყიდვების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატებისთვის საქმის მასალების გადაცემის შესახებ პროკურატურის განცხადებას, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე აფასებს.
მის თქმით, პროკურატურას დროის გაწელვას ცდილობს, რითაც კიდევ უფრო იკვეთბა პოლიტიკური დევნის ნიშნები.
"ეს საქმე გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს ირაკლი ალასანიას პიროვნების, მისი პარტიის დისკრედიტაცია, პროკურატურის ამ განცხადებამ გამოავლინა, როგორ სავალალო მდგომარეობაში არიან ისინი და აღარ იციან რას მიდ-მოედონ. ადვოკატებს არ ეძლევათ ნორმალურად მუშაობის საშუალება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პროკურატურას უნდა დროის გაწელვა და კიდევ უფრო იკვეთება პოლიტიკური დევნის ნიშნები", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 19 ნოემბერს განცხადება გააკეთა და მიმართა დაკავებულთა ადვოკატებს, საქმის მასალებს პროკურატურაში გაეცნონ. ადვოკატები შეთავაზებაზე უარს ამბობენ. მათი თქმით, მათ სურთ რეალური დაცვის განხორციელება.