საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას ითხოვს.
ამის შესახებ ნათქვამია საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რუსეთის მიერ ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმთან გაერთიანებული სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულების შესახებ გააკეთა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრ პროტესტს გამოთქვამს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს ამ უკანონო ქმედებებს სათანადო შეფასება მისცეს, რომლებიც უშუალო საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
იმის მაგივრად, რომ რუსეთმა თავისი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს, პირიქით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აძლიერებს სამხედრო ყოფნას და ცდილობს კვაზილეგიტიმური სახე მისცეს თავისი საოკუპაციო ჯარებისათვის სამხედრო ბაზების შექმნის პროცესს. ამასთან აშკარაა, რომ რუსეთის ამგვარი ქმედებები მხოლოდ ხელს უწყობს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას და ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმების მუდმივი პროვოკაციებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ვაშაძის უწყების შეფასებით, რუსეთსა და მის მიერვე შექმნილ ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის ე.წ "შეთანხმების" ხელმოწერა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას, ასევე საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების ოკუპაციისა და ანექსიის მიზანმიმართული პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას წარმოადგენს.
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი დემონსტრაციულად უგულებელყოფს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ასევე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულების ისეთ ფუძემდებლურ პრინციპს, როგორიცაა მიმღები ქვეყნის თანხმობა მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების განლაგებაზე. ამის გათვალისწინებით, კი საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის დადებული ნებისმიერ შეთანხმებას სამართლებრივი შედეგები არა აქვს და ბათილია", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს მოსკოვში რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ ხელი მოეწერა შეთანხმება. შეთანხმების მოქმედების ვადა 49 წლითაა განსაზღვრული, შემდგომი 15-წლიანი პერიოდებით გაგრძელების შესაძლებლობით. ანალოგიურ შეთანხმებას რუსეთსა და ე.წ. "აფხაზეთის რესპუბლიკას" შორის ხელი მოეწერა 2010 წლის 17 თებერვალს.