საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იან გზის გახსნას ეხმიენება და მთავრობას ურჩევს იტრაბახონ არა "9 წლიანი პირსისხლიანი რეჟიმის", არამედ საკუთარი მიღწევებით.
,,როგორც იქნა გაუხსნიათ ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ. 2012 წლის ბოლოს ვერტმფრენით გადავუფრინე ამ გზის მშენებლობას და გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. მაქსიმუმ 3 თვე ჭირდებოდა გზის საბოლოოდ გახსნას. ამ მთავრობამ კი, ეს 18 თვით დააყოვნა.
საქართველოს მთავრობას ვურჩევ თუ მაინც და მაინც ტრაბახი უნდათ, იტრაბახონ არა "9 წლიანი პირსისხლიანი რეჟიმის", არამედ საკუთარი მიღწევებით. ამასთან, მოვუწოდებ გაუბედონ ივანიშვილს, რომელმაც ჩემი და გიგის ჯინაზე დაბლოკა თბილისის შემოვლითი გზის გახსნა და აღიარონ, რომ ეს გზა დასრულებულია. მისი მეშვეობით თბილისი გათავისუფლდება საცობებისგან და ასობით ათასი თბილისელი შვებას იგრძნობს", _აცხადებს საააკაშვილი.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იანი გზა გახსნა. როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა წინა ხელისუფლებამ რვა წლის განმავლობაში მხოლოდ 70 კილომეტრის ავტომაგისტრალის მშენებლობა მოახერხა ,,ქართული ოცნების" გუნდმა კი ორი წლის განმავლობაში 55 კილომეტრის ავტომაგისტრალის მშენებლობა უკვე შეძლო.
,,მაშინ როცა წინა ხელისუფლების დროს, 8 წლის განმავლობაში მოხდა 70 კილომეტრის ავტომაგისტრალის მშენებლობა მინისტრმა შავლიაშვილმა და მისმა წინამორბედმა ერთობლივად შეძლეს ორ წელიწადში 55 კილომეტრის ავტომაგისტრალის მშენებლობა. 550 კილომეტრზე მეტი გზის მშენებლობა, შეკეტება-რეაბილიტაცია, 80-ზე ხიდის რეაბილიტაცია კაპიტალურად და 19 ახალი ხიდის მშენებლობა. Eეს არის ის რეალური შედეგი რითაც ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ, მაგრამ ჩვენ გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს. ჩვენ მიღწეული შედეგით არასდროს იქნებით კმაყოფილი, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას უკეთესი პირობები შეუქმნათ', _განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქუთაისის 32-კმ-იანი შემოვლითი გზა, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს გზა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს, ახალ შესაძლებლობებს აძლევს. 32-კმ-იანი მონაკვეთი ქუთაისს სატრანზიტო ნაკადისგან განტვირთავს, ხოლომგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთით შეამცირებს. ახალი გზა ნახშირღელის მიმდებარე ტერიტორიიდან კოპიტნარის აეროპორტის გასწვრივ არსებულ მაგისტრალს შეუერთდება.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და იაპონიის საერთაშორისოთანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს მთავრობასთან ერთად აფინანსებს.შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მლნ ლარს შეადგენს.
სამუშაოებზე 1000-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებელია.