ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს, - ფინანსურ შეთანხმებას ბრიუსელში დღეს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა მოაწერეს.
გრანტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობას და რეგიონებში ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას.
ფინანსური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად 30 მილიონი ევრო გამოიყოფა, ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციაში შეტანილი წვლილის კიდევ ერთი გამოხატულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.