ხვალ, 19 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იან გზას გახსნის.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესამსახურიდან აცნობეს ქუთაისის 32-კმ-იანი შემოვლითი გზა, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს გზა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს, ახალ შესაძლებლობებს აძლევს. 32-კმ-იანი მონაკვეთი ქუთაისს სატრანზიტო ნაკადისგან განტვირთავს, ხოლომგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთით შეამცირებს. ახალი გზა ნახშირღელის მიმდებარე ტერიტორიიდან კოპიტნარის აეროპორტის გასწვრივ არსებულ მაგისტრალს შეუერთდება.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და იაპონიის საერთაშორისოთანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს მთავრობასთან ერთად აფინანსებს.
შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მლნ ლარს შეადგენს.
სამუშაოებზე 1000-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებელია.
მასალის გამოყენების პირობები