ENG / RUS       12+

ხათუნა ლაგაზიძე: ერთი ჯარისკაცის გარეშეც შეუძლია რუსეთს წყალი შეუყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას

რესპოდენტის შესახებ

ორი დღეა რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია ბრიუსელში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს. ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურებს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ და მოუწოდეს ქვეყანას პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. კონკრეტულად რა მნიშვნელობის მატარებელია ბრიუსელში გამართული შეხვედრები, რა შედგეს უნდა ელოდოს უახლოეს პერიოდში ქვეყანა და რა ბერკეტები შეიძლება გამოუყენოს რუსეთმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესაფერხებლად ,,ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა.

_ ქალბატონო ხათუნა, როგორ შეფასებთ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტს და იმ გზავნილებს, რომელიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაკეთდა?

_ ვიზიტი ცალსახად მნიშვნელოვანი იყო. თუმცა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენდა იმ ფონზე, როცა თანამდებობა დატოვა პროდასავლური ბეგრაუნდის მქონე სამმა მინისტრმა, იმ შეფასებების შემდეგ რაც მათ წასვლას მოჰყვა და აშშ დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადაც ჩანდა რომ ამერიკელ პარტნიორებს ეჭვი შეჰქონდათ საქართველოს მთავრობის სიტყვებში ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამიტომ ასეთ ვითარებაში მართლაც მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში ვიზიტი.

_ როგორც ფიქრობთ, საქართველოს დელეგაციამ მოახერხა ევროპელი პარტნიორების დარწმუნება, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეცვლილა და კვლავ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეტეგრაციაზეა ორიენტირებული?

_ იმედის მომცემი იყო გზავნილები, რომელიც საქართველოს დელეგაციამ გააჟღერა შეხვედრებზე, მით უმეტეს, თუ საპასუხო მესიჯებსაც გავითვალისწინებთ, რომელიც მასპინძლებისგან მოდიოდა. როგორც ჩანს, ისინი ვიზიტის შედეგებით კმაყოფილნი დარჩნენ. ბრიუსელში ვიზიტის შედეგებიდან ორ მომენტს გამოვყოფდი: ერთი ესაა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ რიგის სამიტისთვის ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილებაა საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის მეორე ფაზის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილოს. ხოლო მეორე საკითხი ესაა თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადება, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზა აუცილებლად გაიხსნება. Eეს ორი გზავნილი მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია არა მხოლოდ საქართველოს ამომრჩევლისთვის, არამედ დასავლელი პარტნიორებისთვისაც. იმედია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლების სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ ასცდება. თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას, კერძოდ, თავად დასავლეთის მოლოდინისა და ინტერესის შესახებ კავკასიის რეგიონის მიმართ. იმ ინტერესიდან გამომდინარე რომელიც აშშ-ს, ევროპას აქვს რეგიონისა და საქართველო-აზერბაიჯანის ღერძის მიმართ, ეცდებიან საქართველოს ყველა ხელისუფლებასთან, პარტნიორობის ფარგლებში, მაქსიმუმი მიიღონ. სიტყვაზე ხელისუფლებიდან თუ ერთი პროდასავლური გუნდი წავიდა, ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთი ფეხს მოიკვეთავს და აღარ ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან. პირიქით, საქართველოში დარჩენილი ხელისუფლებიდან მაქსიმალური შედეგის მიღებას ეცდებიან.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დამყარება 2016 წლის არჩევნების წინ ძალზედ მნიშვნელოვანია შედეგობრივად. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრობაზე 2015 წელს გააკეთებს განაცხადს.Eაღნიშნულის შესაძლებლობას მოლდოვას მისცემს სწორედ მათ მიერ უკვე დაძლეული ეტაპი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ. ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმზე, რათა შემდეგ შევძლოთ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობაზე. სხვა საკითხია როდის დააკმაყოფილებს ჩვენს განაცხადს ევროკავშირი, მაგრამ ის, რომ ეტაპობრივად მოხდეს წევრობაზე განაცხადის გაკეთება, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მით უფრო, როცა ახლოვდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და რუსული პროპაგანდა მაქსიმალურად ცდილობს დასავლეთის როლი ქართველი საზოგადოების თვალში დაამციროს, მნიშვნელოვანია რუსულ ბაზარს წინასაარჩევნოდ დაუპირისპირდეს ასეთივე კონკრეტული, ხელშესახები შედეგი საქართველოს წინსვლისა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. Aამიტომ 2016 წლის არჩევნებამდე უნდა მოესწროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება და ამ პერიოდში თუ მოხერხდება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, ეს იქნება საქართველოში პროდასავლური ძალების უპირობო გამარჯვება. შესაბამისად ადამიანური, საკანონმდებლო და ფინანსური რესურსები ორიენტირებული უნდა იყოს სწორედ ამ მიზნის მისაღწევად.

_ ნატოს გენერალურმა მდივანმა განცხადა, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული დეტალები ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გახდება ცნობილი, რომელიც თებერვალში გაიმართება. როგორ ფიქრობთ, ამ პერიოდში უნდა ველოდეთ რუსეთის მხრიდან რაიმე დესტრუქციულ ქმედებებს?

_ რაც შეეხება იმას, რა შეიძლება დაუპირისპიროს რუსეთმა საქართველოს ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ესაა საინფორმაციო პროპაგანდა და რუსეთის ბაზარი, რომელიც ყველაზე მძლავრი იარაღია რუსეთის ხელში. რუსეთმა საკუთარი ბაზრის ჩაკეტვით, მარტივად შეეძლება გამოიყენოს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ: ერთი რუსი ჯარისკაცის გარეშეც რუსეთს საქართველოში შეუძლია ისეთი სოციალური ბუნტის აგორება, რომელმაც შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას ქვეყნის დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ საჭიროა ხელშესახები და რეალური შედეგი დადგეს დასავლეთთან ურთიერთობაში, როგორიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა იქნება.

_ შესაძლებელია, სწორედ თებერვლის თვეში, როცა დაგგმილია ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი საქართველოს კვალ დაუხუროს რუსული ბაზარი?

_ რუსეთი რომ თავის ბერკეტებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში, gამოიყენებს ფაქტია. თუმცა ბევრი რამ საქართველოს ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული: რამდენად წარმატებულად შეძლებს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობაში დეკლარირებულ ვადებში ჩატევას.

,, ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.

ავტორი: . .