ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდის" ოჰაიოს შტატში პირველი რესტორნის გახსნიდან 45 წლის იუბილე საქართველოში სოციალური აქციით და წამახალისებელი კამპანიით აღნიშნა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვიშის საათის" სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს „ვენდის" რუსთაველის რესტორანში უმასპინძლეს. ერთგულ მომხმარებელს კი დღეიდან ერთი თვის მანძილზე „ვენდის" რესტორნებში „ბეკონატორის", „ვენდის" ორმაგი ბურგერისა" და „პორტაბელას" კომბოს შეძენისას ორის ნაცვლად ოთხი სათამაშო მონეტა ელის.
„დევიდ ტომასმა 45 წლის წინ „ვენდის" პირველი რესტორნის გახსნიდანვე ჩაუყარა საფუძველი საქველმოქმედო ფონდს, რომელიც დღემდე ათასობით ბავშვის უკეთეს მომავალზე ზრუნავს. „ვენდის" საქართველოს წარმომადგენლობა ლეგენდარული ბრენდის დამფუძნებლის ღირებულებებს სრულად იზიარებს და სხვადასხვა სოციალური პროექტებით ზრუნავს ბავშვებსა და ზოგადად საზოგადოებაზე. ამჯერად „ვენდისა" და „სმარტის" ერთობლივი აქციის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ბავშვებს ვუმასპინძლეთ და საშუალება მივეცით ჩვენთან ერთად გაეზიარებინათ იუბილეს სადღესასწაულო განწყობა. ერთგულ მომხმარებელს კი გაორმაგებული რაოდენობის სათამაშო ჟეტონებით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ურთიერთობისათვის",- აცხადებს „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
ფხაკაძის განმარტებით, 2014 წლის აპრილიდან სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის" ვაკისა და რუსთაველის ობიექტებზე განთავსებულია სპეციალური ყუთები, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს „სმარტში" ყოველი 30 ლარის ღირებულების პროდუქტის შესყიდვისას გადაცემული „ვენდის" სათამაშო მონეტები გააჩუქოს მათთვის, ვისთვისაც „ვენდიში" სტუმრობა ხელმიუწვდომელია. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში „ვენდი" პერიოდულად სოციალურად დაუცველ ბავშვებს მასპინძლობს და ცდილობს გაუხალისოს დღე „ვენდის" გემრიელი საკვებითა და გასართობი ღონისძიებებით.
„ვისოლ ჯგუფმა" „ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება 2013 წლიდან დაიწყო და დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ორი „ვენდის" რესტორნითაა წარმოდგენილი თბილისში, ვაკესა და რუსთაველზე. წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ორი „ვენდის" რესტორანი გაიხსნება.