დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ თბილისის მერიიდან შემოსული თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზე მედიასთან ისაუბრა. ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში პარასკევს, 14 ნოემბერს საღამოს შემოვიდა. პროექტის მიხედვით ბიუჯეტის ასიგნებებმა შეადგინა 799 მლნ 700 ათასი ლარი, რაც ჯაბა სამუშიას განმარტებით თბილისის უახლეს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ამ მოცულობის ბიუჯეტი თბილისს დღემდე არ ჰქონია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი წელი თბილისელებისთვის იქნება წელიწადი, როდესაც ძალიან ბევრი პროექტი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება განხორციელდება. ბუნებრივია, თითოეული ამ დეტალის ასახვა ბიუჯეტში უკვე დაგეგმილია. მინდა მოკლედ ჩამოვაყალიბო ის პრიორიტეტები, რომლებიც აქვს თბილისის 2015 წლის ბიუჯეტს", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისი თქმით, ბიუჯეტში არის დაახლოებით ცხრა მთავარი პრიორიტეტი. აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება, რომელიც მთლიანობაში 1 მლნ 200 ათასით იზრდება. ხოლო ცალკე ჯანდაცვის მუხლი წინა წელთან შედარებით 7 მლნ-ით იზრდება. განათლების მიმართულება, რომელშიც საბავშვო ბაღების დაფინანსების მუხლს უჭირავს დიდი ადგილი, 10 მლნ ლარით იზრდება. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება იზრდება 8 მლნ ლარით, ეკოლოგიური მდგომარეობა და გამწვანების მიმართულება, რომელიც მერიისთვის მომავალი წლის ერთ-ერთი პრიორიტეტია, 6 მლნ ლარით იზრდება. კულტურული ღონისძიებები და კულტურული მიმართულების დაფინანსება. ეს არ არის იმ სახის კულტურული ღონისძიებები, რომლებსაც წინა ხელისუფლებისგან ვართ ნაჩვევი, არამედ ეს არის ადგილობრივი მუზეუმების და სხვა კულტურული დაწესებულებების დაფინანსება და ამ სფეროს დაფინანსება ორი მლნ ლარით იზრდება. ჯაბა სამუშიას თქმით, მთლიანობაში თბილისის ბიუჯეტს დამატებული აქვს 21 ახალი პროგრამა, რომელთა მოცულობა 22 მლნ ლარს შეადგენს.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ეს პროგრამები თბილისის ბიუჯეტში არ იყო და ახლა იწყება 22 ახალი მიმართულების განხორციელება.
„ჩვენ ვეღარ ვიხილავთ ბიუჯეტში ისეთ მუხლებს, როგორებიც იყო „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში და რომლებსაც ისინ ისეთი პარტიულ - პოლიტიკური საქმიანობისთვის იყენებდნენ, როგორიცაა მაგალითად, მოქალაქეთა უნარ-ჩვევების განვითარება და რისთვისაც დაახლოებით მილიონამდე ლარი იყო გამოყოფილი. ჩემი კოლეგები აქცენტს აკეთებენ გზების ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, - მიზეზი იმისა, რომ ამ მიმართულებით ათი მილიონი ლარით არის დაფინანსება შემცირებული, არის ის, რომ უკანასკნელი დაახლოებით 3.5 თვის მანძილზე მოხდა ყველა იმ ქუჩის აღწერა და იმ თანხის ზუსტად დაანგარიშება, თუ რა იქნება მომავალ წელს საჭირო და რისი შესაძლებლობა იქნება იმ რესურსით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, გზების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. როდესაც გზების მოსაწესრიგებლად 60 მლნ-ზე ვსაუბრობთ, ეს გამოწვეულია იმით, რომ თითოეული ქუჩის, თითოეული დასაგები გზის საფარის მოცულობა ჩვენთვის უკვე ცნობილია", - აღნიშნავს ჯაბა სამუშია.
იგი მიმართავს ოპოზიციონერ კოლეგებს და აცხადებს, რომ როდესაც დედაქალაქის ახალი მთავრობა თბილისის მოსახლეობას სთავაზობს გაზრდილ ბიუჯეტს და ახალ პროგრამებს, თითოეული თბილისელის ნდობა ახალი ხელისუფლების მიმართა მატულობს. აქვე კომისიის თავმჯდომარე საუბრობს იმ პროექტებზე, რომლებიც თბილისის ბიუჯეტში არ იყო. კერძოდ, მისი თქმით, 2015 წლის ბიუჯეტით დაფინანსდება ლეიკემიითა და ონკო-ჰემატოლოგიით დაავადებული პაციენტების მკურნალობა (4 მლნ ლარი), „ც" ჰეპატიტით დაავადებული პირების მკურნალობის პრაქტიკის განსაზღვრა (1 მლნ 400 ათასი ლარი), სოციალურად დაუცველი უსინათლო პირების დახმარება (1 მლნ ლარი), პროფესიული განათლების ხელშეწყობა (1 მლნ 300 ათასი ლარი), ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეაბილიტაცია (500 ათასი ლარი), სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების გაცემა (1 მლნ ლარი), თბილისში რეგისტრეირებული ბავშვებისათვის საზაფხულო კულტურულ - გამაჯანსაღებელი ბანაკების მოწყობა (800 ათასი ლარი). საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი შვილები ზაფხულში სადმე გაუშვან დასასვენებლად და ამ ხარჯს ქალაქის მერია საკუთარ თავზე იღებს.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, წინა წელთან შედარებით ასევე გაორმაგებულია ომის ვეტერანების დახმარებისათვის გამოყოფილი თანხა.
„მინდა ჩემს კოლეგებს უმცირესობიდან მივმართო - როდესაც საუბრობენ ბიუჯეტთან დაკავშირებით, შეიხედონ სოციალურად დაუცველთა ოჯახებში, რომელთა დაფინანსება ამ ბიუჯეტის ფარგლებში როგორც ვაუჩერის კუთხით, ასევე ახალშობილის დაფინანსების და სოციალური დახმარების კუთხით ორმაგდება. სწორედ ეს არის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები და ეს იყო ჩვენი დანაპირები, როდესაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ვხვდებოდით. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ბიუჯეტის პროექტი მთლიანობაში იმსახურებს ნდობას. არ გამოვხრიცხავ, რომ 10 დღის განმავლობაში ბიუჯეტზე მუშაობისას გამოითქვას გარკვეული შენიშვნებიც, თუმცა ეს ჩვეულებრივი მუშა რეჟიმია", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისი თქმით, ხუთშაბათიდან უკვე დაიწყება ბიუჯეტზე მუშაობა ფრაქციებსა და კომისიებში. დაგეგმილია მერიის ფინანსური ჯგუფის შეხვედრა საკრებულოს ყველა ფრაქციასთან და ყველა კომისიის მიერ ბიუჯეტის განხილვა, ხოლო ბიუჯეტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა მომავალ ორშაბათს დაიდება და ბიუჯეტის პროექტი მერიას დაუბრუნდება. მერიიდან კი ბიუჯეტის ახალი პროექტი საკრებულოდან გადაგზავნილი შენიშვნების გათვალისწინებით უკვე დეკემბრის დასაწყისში შემოვა საკრებულოში.
მასალის გამოყენების პირობები