დედაქალაქის საკრებულოში ფრაქციის ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა'' თავმჯდომარემ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა'' 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. ზაზა ვეკუას განცხადებით, მისი ფრაქცია წარმოდგენილი ბიუჯეტისთვის მხარის დაჭერას არ აპირებს და განმარტავს, რომ საკრებულოში შემოსული ბიუჯეტის პროექტი არ შეესაბამება არც „ქართული ოცნების" 2012 წლის და არც ნარმანიას 2014 წლის დაპირებებს.
მისივე თქმით, მერიის ადმინისტრაციის 225 თანამშრომლის ანაზღაურებისათვის და სახელფასო დანამატებისათვის 14 მილიონ 750 ათასი ლარია ჩადებული. გაზრდილია სამივლინებო ხარჯებიც.
ბრიფინგზე ზაზა ვეკუამ საბავშვო ბაღების თაობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაპირება, რომლის თანახმად, ბაღების აღმზრდელებს პედაგოგთა სტატუსი უნდა მინიჭებოდათ და შესაბამისად, ხელფასებიც გაზრდოდათ, ვერ შესრულდა.
,,მხოლოდ ახალი ბაღების მშენებლობა კი ამ სფეროში არსებულ კრიზის ვერ გამოასწორებს'',-აცხადებს დეპუტატი.
ზაზა ვეკუამ თავისი დამოკიდებულება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისა და ინფრასტრუტურულ პროექტებთან მიმართებაში გამოხატა და აღნიშნა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების კომპენსაციასა და მშენებლობისთვის მხოლოდ 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.
რაც შეეხება ინფრასტრუტურულ პროექტებს, არსადაა წარმოდგენილი არც საცობების მოგვარების კუთხით მიმართული ქმედითი პროექტები, ასევე არც მეტრო სადგურის მშენებლობები.
თანხა ასევე არ არის გამოყოფილი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინასებასა და განვითარებაზეც.
,,ასე, რომ მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტს ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა'' მხარს არ დაუჭერს, მეტიც, მოვითხოვთ უკან წაიღონ და ხალხს ღირსეული ბიუჯეტი შესთავაზონ'',-აცხადებს ზაზა ვეკუა.
მასალის გამოყენების პირობები