"საქართველოს გზის" ლიდერის სალომე ზურაბიშვილის აზრით, ვანო მერაბიშვილის მიერ გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემული ინტერვიუ ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს.
"გამაოგნებელი ფაქტია, როცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მთავრობის წარმომადგენლებისა და ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებს შორის ფულადი გარიგებების შესახებ ჰყვება. ეს სკანდალური ინტერვიუ საკმაოდ სერიოზული განხილვის საგანი უნდა გახდეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ინტერვიუს "ფართო საზოგადოების მიერ განხილვის შემდეგ" მინიმუმ, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ისაა, რომ მერაბიშვილი თანამდებობიდან გადადგეს.
"ინტერვიუდან გამოჩნდა, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის წინაშე ჩადენილ დანაშაულთან. მერაბიშვილის ეს აღიარება, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რუსი ოკუპანტების ფინანსური გარიგებების შესახებ, ცხადყოფს, რომ სწორედ მსგავსი ტიპის გარიგების შედეგი იყო, როცა რამდენიმე წლის წინ, განმუხურში, რუსი ჯარისკაცები ვითომცდა გარბოდნენ. ეს ფაქტები სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ ხელისუფლება რუსებს ქვეყნის ინტერესებს ფულში დღესაც უცვლის. ამან ხვალ შეიძლება ქვეყანა უარეს შედეგებამდე მიიყვანოს", - განმარტავს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და რომელშიც საქართველოს შს მინისტი ბევრ სხვა საკითხზეც საუბრობს, აღნიშნავს, რომ გივი თარგამაძემ რუს სამხედროებს ფული შესთავაზა იმისთვის, რომ გორში სტალინის ძეგლი აეფეთქებინათ.