ENG / RUS       12+

თუ აფხაზებმა ე. წ. საზღვრის ჩაკეტვაზე საუბარი დაიწყეს, ეს ნიშნავს, რომ გალელ ქართველებს დიდი პრობლემები შეექმნებათ

რესპოდენტის შესახებ

 ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გალის რაიონის მოსახლეობას ადგილობრივი ადმინისტრაციის ახალი უფროსი თემურ ნადარაია წარუდგინა. 1992-93 წლების ომში თემურ ნადარაიაც აქტიურად მონაწილეობდა. ერთი წლის წინ, აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში, ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, ის ამტკიცებდა, რომ აფხაზეთში ასზე მეტი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, ვინც მათ ებრძოდა და რომელთა წინააღმდეგ არანაირი ღონისძიება არ გატარებულა. ,,აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს ასზე მეტი ისეთი პირი, რომელიც ომში ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა. არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ისინი უნდა დაეჭირათ და გაესამართლებინათ, მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ მათი დეპორტაციაც კი არ მომხდარა." - აცხადებდა თემურ ნადარაია.
რა შედგები შეიძბეა მოჰყვეს თემურ ნადარაიას ამ პოსტზე დანიშვნას, მოსალოდნელია თუ არა ქართველების გამოძევება, ამ საკითხზე "ჯი-ეიჩ-ენი ექსპერტს, ლევან კიკნაძეს ესაუბრა.

ლევან კიკნაძე: ეს ადამიანი იმდენად არის მოწამლული სეპარატისტული იდეებით, რომ მისთვის ქართველების სიძულვილის გარდა სხვა რამე ადამიანური გრძნობა არ არსებობს. მას და მისნაირებს აფხაზეთში თავიანთი დემოგრაფიული მდგომარეობა ძალიან აწუხებთ და ეშინიათ, ვითარება იქ ქართველების სასარგებლოდ არ შეიცვალოს. ზუსტად აქედან გამომდინარე, ნადარაია ვერ იქნება ობიექტური ქართველი მოსახლეობის მიმართ და ვერ გაატარებს ისეთ ხაზს, რაზეც ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს. ეს არის ხაჯიმბას კურსის გამტარებელი თანამდებობის მონა და რასაც უბრძანებენ, იმას გააკეთებს. თუ ნადარაია ქართველების გარეშე აპირებს გალის რაიონის მართვას, მაშინ ის ,,მოღვაწეობას" ძალიან ცუდად დაამთავრებს.

-როცა აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მიმართ მისი განწყობა ყველასთვის ცნობილია, ქართველებით დასახლებული რეგიონის მმართველად ნადარაიას დანიშვნა ხაჯიმბას მიერ გასატარებელ პოლიტიკურ ხაზზე ხომ არ მიგვანიშნებს?
-რა თქმა უნდა, ასეა და ნადარაიას განცხადება ,,ნაომარ" ქართველთა გასახლების შესახებ შეიძლება მხოლოდ ემოციის ფონზე გაკეთებულ განცხადებად ჩაგვეთვალა, რომ არა სხვა წინსმწრები განცხადებები, რასაც თავად ხაჯიმბა აკეთებდა და რა ქმედებებსაც ახორციელებდა.
ეს იყო, ქართველებისთვის პასპორტების ჩამორთმევა და მათთვის არჩევნებში ხმის მიცემის აკრძალვა.
ჩვენ რომ ჩამოვყვეთ ყველა იმ მიზეზს, რამაც ხაჯიმბას ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა, ძალიან შორს წავალთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, ბაღაფშის წინააღმდეგ როგორ ააგორეს კამპანია, რომელიც ანქვაბის დროსაც გააგრძელეს, როგორ უსვამდნენ ხაზს მათ ,,პროქართველობას" და აფხაზ მოსახლეობაში მათ მიმართ უარყოფით განწყობას ქმნიდნენ. ეს ყოველივე ერთ ჯაჭვად შეკრული მოვლენებია, რამაც თანდათან თავისი შედეგები გამოიღო.
-აქედან გამომდინარე, უახლოეს ხამებში გალის ქართული მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებას უნდა ველოდოთ?
-ყოველი შემთხვევისთვის, ჩანს, რომ უკეთესობისკენ ცვლილება ნაკლებ სავარაუდოა.
ვნახოთ, თუ აფხაზებმა ე. წ. საზღვრის ჩაკეტვაზე საუბარი დაიწყეს, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ გალელ ქართველებს დიდი პრობლემები შეექმნებათ, როგორც ეკონომიკური, სოციალური თუ წმინდა ადამიანური კუთხით. მოგეხსენებათ, თითქმის ყველას მათგანს ენგურსგამოღმა ნათესავი ჰყავს, გადმოდიან სავაჭროდ, სამკურნალოდ, დახმარებების მისაღებად.
-რაც შეეხება საზღვრებს, ჩვენთვის ცნობილია, რომ ფსოუს გამშვებ პუნქტზე განლაგებული საგუშაგო ჯიხურები და ვაგონები რუსებმა წამოიღეს და ოჩამჩირის რაიონში, სოფლების ტამიშისა და კინდღის საზღვარზე დაწყვეს. ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ რუსული მხარე ამ ჯიხურების დადგმას ენგურის ხიდზე აპირებს, მაგრამ ვინაიდან იქ სათანადო ადგილი არ არის, გალელი ქართველების აზრით, ჭუბურხინჯის ტერიტორიაზე ე. წ. საზღვრის მოსაწყობად შესაბამის ადგილს ეძებენ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსული მხარე ფსოუზე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს მოხსნის და გალში გადმოიტანს?
-მათგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ერთი რამეც არის. იმის ილუზია, რომ ფსოუს საზღვარი მთლიანად გაიხსნება აფხაზებს არ უნდა ჰქონდეთ.
რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლება ეცდება ენგურის ხიდზე არსებული ე. წ. საზღვარი ნამდვილ საზღვრად გადააქციოს, მაგრამ ფსოუს საზღვარს ბოლომდე მაინც არ გახსნის. ამიტომ აფხაზები ამაზე იმედს ტყუილად ამყარებენ.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ირმა ბერიშვილი

ავტორი: . .