პასუხი რუსეთის ქმედებებზე არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვისთ გამოსვლისას. მისი თქმით, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხის წინაშე უნდა იყოს ყველა ერთიანები, როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთლიანად საზოგადოება
"პარალელურად მე ასევე გავააქტიურე ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე - ერთი მხრივ, არაღიარების პოლიტიკის მდგრადობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, მეორეს მხრივ ანექსიის მცდელობის შესაბამისი შეფასების კუთხით. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ვიზიტები იაპონიაში, ყირგიზეთსა და ავსტრიაში, შეხვედრები გაეროსა და ეუთოს გენერალურ მდივნებთან ემსახურებოდა სწორედ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული თემას - ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე ყურადღების გამახვილებას. მინდა გითხრათ, რომ ყველა ფორმატში ჩვენ მივიღეთ ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, რაც გამოიხატა როგორც იაპონიასთან ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში, ისე საერთაშორისო ფორუმების დღის წესრიგში საქართველოს თემის გააქტიურებაში. დღეს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა ინტესიურად განიხილებოდეს საერთაშორისო დღის წესრიგში. საერთო ძალისხმევითა და ფართო საერთაშორისო ჩართულობით უნდა შევძლოთ რუსეთის "პრივილეგირებული ინტერესების სფეროების" კონფრონტაციული პარადიგმის ცვლილება.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მიმაჩნია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხის წინაშე უნდა ვიყოთ ერთიანები ყველა, როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთლიანად საზოგადოება. ანექსიის საფრთხემ კი არ უნდა დაგვყოს, არამედ უნდა გაგვაერთიანოს. რამდენადაც ერთადერთი გამოსავალი და პასუხი რუსეთის ამ ქმედებებზე არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპეიზაცია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს დემოკრატიზაციის, უშიშროების და სტაბილურობის მისაღწევად. ასევე მჯერა, რომ ევროპული და დემოკრატიული ქვეყანა იქნება მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.