რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ეჭვობს, რომ ვანო მერაბიშვილი "სერიოზული პოლიტიკური სვლისთვის" ემზადება.
აღნიშნული ვარაუდის საფუძველს უსუფაშვილს გაზეთ "კომერსანტში" დაბეჭდილი, საქართველოს შს მინისტრის ინტერვიუ აძლევს.
"ამ ინტერვიუთი დადასტურდა, რომ მერაბიშვილი ჩრდილიდან გამოდის და პოლიტიკური სვლებისთვის ემზადება. როგორც გვახსოვს, ის ბევრი მიზეზის გამო წლების განმავლობაში დამალული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა, შიდასახელისუფლებო ძალაუფლების გადანაწილების სქემებში აქტიურად აპირებს მონაწილეობას. ეს არა მხოლოდ ამ ინტერვიუდან გამოჩნდა, არამედ მისი ყველა ბოლოდროინდელი მოქმედებით გახდა აშკარა. მერაბიშვილი სერიოზული პოლიტკური როლისთვის ემზადება", - განუცხადა უსუფაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".