თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით 800 მლნ ლარით განისაზღვრება, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან 2015 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ნარმანიას თქმით, 2015 წელს მთავარი პრიორიტეტები ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები, დედაქალაქის გამწვანება, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მუნიციპალურული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იქნება.
„ჩვენ დავასრულეთ 2015 წლის პროგრამულ ბიუჯეტზე მუშაობა. 2015 წლის ბიუჯეტი, წინა წლებისგან განსხვავებით, უფრო მეტად გამჭირვალე იქნება. მნიშვნელოვანია ის, რომ ბიუჯეტის შედგენამდე მოსახლეობის გამოკითხვა მოხდა. მათი პრობლემების და საჭიროებეის თაობაზე, ჯამში 8 000-მდე ადამიანი გამოიკითხა. სწორედ ამაზე იქნა დაფუძნებული თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტის დაახლოებითი მოცულობა მომდევნო წლისთვის, 800 მლნ ლარით განისაზღვრება. საბოლოო დაზუსტებული ციფრის გამოქვეყნება, მას შემდეგ შეგვეძლება, რაც ცენტრალური მთავრობიდან მისაღები ტრანსფერების საბოლოო მოცულობა დადგინდება. 2015 წელს 4 მთავარი პრიორიტეტი იქნება: 1. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები; 2. დედაქალაქის გამწვანება; 3. საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია; 4. მუნიციპალურული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა", - განაცხადა ნარმანიამ.