ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარასკევს, 14 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს განიხილავენ.
ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებითაც წარსდგება. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე სასესიო კვირაში სამი პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც პარლამენტის წევრები 50-მდე საკითხს განიხილავენ.
დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ბიურომ პარლამენტის წევრების: თამაზ ჯაფარიძის, გელა სამხარაულის და გედევან ფოფხაძის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატებიდან" გასვლის შესახებ მიმართვა ცნობად მიიღო.
ბიუროს ასევე მიეწოდა ინფორმაცია პარლამენტის წევრების: გოჩა ენუქიძის, გურამ მისაბიშვილის, ანზორ ბოლქვაძის, მარიკა ვერულაშვილის, გიორგი ფეიქრიშვილის და იაშა შერვაშიძის საპარლამენტო უმრავლესობაში გაწევრიანების შესახებ. რაც შეეხება აღნიშნული დეპუტატების მიერ ახალი საპარლამენტო ფრაქციის „დამოუკიდებელი მაჟორიტარები-ძლიერი რეგიონებისათვის" შექმნის პროცედურას, საკითხი განსახილველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეგზავნა.
ბიუროს გადაწყვეტილებითვე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების" მიმართვაზეც იმსჯელებს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას, ფრაქციისთვის სახელწოდების შეცვლას და „თავისუფალ დემოკრატებად" ჩამოყალიბებას შეეხება.
ბიუროს მორიგი სხდომა 12 ნოემბერს, ქუთაისის პარლამენტის შენობაში 12.00 საათზე გაიმართება.