ნაციონალური მოძრაობა პენსიის ზრდას 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ითხოვს. ყველა ასაკით პენსიონერისთვის პენსიის ზრდის გარეშე 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის მიუღებელია.
პარტიაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირებული 220-ლარიანი პენსია მისი მმართველობის მესამე წელსაც კვლავაც განუხორციელებელ ოცნებად რჩება.
"ბოლოს ასაკობრივი პენსიის ზრდა პარლამენტმა, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დატოვებული ბიუჯეტის ხარჯზე, 2012 წელს დაამტკიცა და პენსია 150 ლარი გახდა. იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდა შეჩერდა, სახელმწიფო ბიუჯეტი არ იზრდება, მთავრობა დანაპირებს ვერ ასრულებს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვას ყოველწლიურად მილიარდიანი ვალის აღებით აპირებს. ქვეყანაში ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 687,000 ადამიანია", - აცხადებენ პარტიაში და განმარტავენ, რომ ამის ნაცვლად მთავრობა აცხადებს, რომ პენსია არა ყველას, არამედ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს გაეზრდებათ და არა 2015 წლის 1 იანვრიდან, არამედ 1 სექტემბრიდან.
ქვეყანაში სოციალურად დაუცველი დაახლოებით 105,000 ასაკით პენსიონერია. 2015 წლის 1 სექტემბრიდან მათთვის 25 ლარით პენსიით მომატების ხარჯი 10.5 მლნ ლარია.