იუსტიციის მინისტრი თეა წუკუკიანი განვითარებულ პროცესებს სამწუხაროს უწოდებს, თუმცა ამ ეტაპზე გადადგომას არ აპირებს და თანამდებობაზე რჩება.
"სრულად ვათვითცნობიერებ, რომ ჩემი სათქმელი დღეს ვერ იქნება საზოგადოების ყველა წევრისათვის ბოლომდე დამაკმაყოფილებელი.
აუცილებელია, თავშივე მოგახსენოთ: ის, რაც მოხდა და ხდება, არის უკიდურესად სამწუხარო.
ამ უმძიმეს ფონზე მაქვს ვალდებულება, ვუთხრა საზოგადოებას, რომ ივანიშვილის და შემდეგ ღარიბაშვილის სხვადასხვა მთავრობის თითოეულმა წევრმა, ხაზს ვუსვამ - თითოეულმა წევრმა, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს თავისი ევროპული არჩევანი გაემყარებინა, გაეხადა შეუქცევადი და ევლო წინ პროგრესის გზაზე. ამ გზაზე წარმატებით სიარულში იუსტიციის მინისტრმაც შეასრულა თავისი როლი იუსტიციის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელთან ერთად.
2010 წელს მე გვერდზე გადავდე ევროპული კარიერა, კომფორტული კარიერა სიბერემდე, გვერდზე გადავდე ყველაფერი პირადი და დავბრუნდი ევროპიდან საქართველოში, რათა მებრძოლა და წვლილი შემეტანა საქართველოს ევროპამდე მიყვანის საქმეში.
ბედმა გამიღიმა და 2010 წლიდან დღემდე მოვხვდი ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებთანაც მქონდა, მაქვს და მექნება ერთიანი ღირებულებები, დასავლური ღირებულებები. 2012 წლიდან სათავეში ვუდგავარ იმ სამინისტროს, რომლის თითოეული თანამშრომელი პროგრესისთვის მუშაობს, და ეს სამუშაო სულ რამდენიმე დღის წინ დაგვირგვინდა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის პირველი ფაზის წარმატებით დახურვით და ამ წარმატებას, ჩვენი მთავრობის კოლექტიურ წარმატებას, თავად ევროკავშირმა სულ რამდენიმე დღის წინ, 29 ოქტომბერს, „ერთი ნაბიჯით წინ ევროპისაკენ" უწოდა.
ცუდია, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე სამწუხარო მოვლენებმა საქართველოს ეს დიდი საერთაშორისო წარმატება მთლიანად გადაფარა.
მერე რა, რომ ამ ორი წლის მანძილზე მე, იუსტიციის მინისტრს, ერთ ქალს, მქონია მრავალი სირთულე; მერე რა, რომ თავს ზევით ძალა მომიძებნია, რომ ფეხზე ვმდგარიყავი ან ავმდგარიყავი - ფაქტი ფაქტია მაინც: მე და ჩემს სამინისტროს არასოდეს არ გვქონია ხელშეშლა, გვევლო მთავრობასთან ერთად ევროპულ გზაზე - არასდროს, არც ერთი და არც მეორე პრემიერ-მინისტრის მხრიდან; არასდროს არც მოქმედ მინისტრებთან, არც აწ უკვე ყოფილ მინისტრებთან აზრთა სხვადასხვაობა ამ თემაზე არ ყოფილა. 2012 წელს ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ძალა იყო და არის დღესაც ევროპული კურსის ერთგული. ეს გზა არის, დიახ, რთული, მაგრამ ეს იყო და არის მთავრობის განუხრელი კურსი, რადგან არ არსებობს საქართველოს კეთილი მომავალი ევროპული კურსის გარეშე. ეს ასეა დღეს!
მანამ ეს ასეა, მანამ მე მაქვს სახელმწიფოსთვის, საქართველოს ევროპული მომავლისათვის მუშაობის სრული თავისუფლება, მანამ მაქვს თავისუფლება - ვიმუშაო რეფორმებისათვის, რომლებსაც, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ქვეყანა მიჰყავს ევროპისაკენ, და მანამ არ მაქვს და არც მქონია არანაირი საფუძველი, მეფიქრა, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის, მე და ჩემი გუნდი ვრჩებით იუსტიციის სამინისტროს სათავეში და ვაგრძელებთ მუშაობას სახელმწიფოსათვის", - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალსანიას გუნდის წევრია.
წულუკიანმა 1992 წელს დაამთავრა ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი, საფრანგეთში. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტში და დაამთავრა 1997 წელს.
2000 წელს საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) საჯარო ადმინისტრაციაში (MPA) დაიცვა მაგისტრის ხარისხი.
2000-2010 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე.
2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებს", როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში, და მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებიდან" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად.