პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ,,ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში ცვლილებების ხელმოწერის თხოვნით მიმართავს. როგორც უსუფაშვილი აცხადებს გადაწყვეტილების სწრაფად ხელმოწერა და ძალაში შესვლა სჭირდება მთელი სამართალდამცავი სისტემის მომავალი ფუნქციონირების გაგრძელებას.
,,მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, მინდა გამოვთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საქმიანობის ამ შეფერხების გამო, მას ვაძლევთ პრაქტიკულად 24- საათს იმისთვის,რომ მიიღოს გადაწყვეტილება კანონპროექტის ხელმოწერის და გამოქვეყნების თაობაზე. ეს არ არის ნორმალური პრაქტიკა და მე ვწუხვარ ამის გამო. საქართველოს პრეზიდენტს მივმართავ დაპირებით, რომ მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს. ამასთანავე, მე მას ვთხოვ, მიიღოს გადაწყვეტილება. მისი ძალიან მაღალი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფო ორგანოების მომავალი ფუნქციონირების გარანტიც. ყველა სხვა ფუნქციებთან ერთად და ამ გადაწყვეტილების სწრაფად ხელმოწერა და ძალაში შესვლა სჭირდება მთელი სამართალდამცავი სისტემის მომავალი ფუნქციონირების გაგრძელებას. მინდა ვთხოვო მომხსენებელს, შალვა შავგულიძეს, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გასწია, ვახტანგ ხმალაძესთან და სხვა კოლეგებთან ერთად, რომ გადავადება მოხდეს არა აპრილის დასაწყისამდე, არამედ თებერვლის ბოლომდე. ჩვენ ვიმუშაოთ იანვარშიც და მგონი გავუმკლავდებით, რომ თებერვლის ბოლოსთვის ეს საკითხი იყოს მოწესრიგებული და მოგვარებული, ისე როგორც შეეფერება ჩვენს ქვეყანას და ისე, როგორც მოითხოვს ამას ევროპული სტანდარტები"_განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში ცვლილებები დეპუტატებმა 65 მომხრე, 31 - წინააღმდეგ დაამტკიცეს.