მთავრობას მეცხვარეობაში სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტის დაახლოებით ერთ თვეში ექნება მზად. დოკუმენტზე მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე დაწყებულია და მის მომზადებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია. მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტის ბექა გონაშვილის განმარტებით, ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან შემუშავებული პირველი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესწავლილი იქნება დარგში არსებული პრობლემები, რის შემდგომაც ამ პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს.
გონაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, გოჩა ცოფურაშვილთან შექმნილია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში სახელმწიფო სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფები და მათ შორის მეცხვარეობის ჯგუფი, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია.
"მოგეხსენებათ უახლოეს წარსულში მეცხვარეობის დარგს მრავალი პრობლემა შეექმნა სწორედ არასისტემური მიდგომების გამო, იმედს გამოვამთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი გახდება სახელმწიფოს გზამკვლევი უამრავ პრობლემებში რაც ამ სფეროს გვაქვს, დაფასდება ქართველი მეცხვარის შრომაც და მოხდება თანამედროვე განვითარების რელსებზე გადასვლა", - აცხადებს გონაშვილი
მასალის გამოყენების პირობები