30 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" აღსრულების კანონმდებლობის გაუმჯობესების პროექტის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი კაიდო სირელი. სამუშაო შეხვედრას ასევე დაესწრებიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოში მოქმედი ბანკების წარმომადგენლები, მოსამართლეები, ადვოკატები, ნოტარიუსები, ევროპელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტის „DEEP" (Development of Enforcement Legislation Project in Georgia) ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი აღსრულების კოდექსის შექმნა.
ახალი კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ეფექტური, სამართლიანი და პროპორციული აღსრულება და დაიცვას როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის უფლებები.