პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე დელეგატებს საქართველოსა პოტერნციალი გააცნო და აღნიშნა, რომ 2015 წელს დაგეგმილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და უზრუნველყოფს ეფექტიან და სწრაფ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს აზიასა და ევროპას შორის.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პირველ წელს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ მაგისტრალის მეშვეობით შესაძლებელი იქნება 5 მილიონი ტონა ტვირთისა გადაზიდვა და მილიონი მგზავრის გადაყვანა. მომდევნო წლებში კი ეს მაჩვენებელი გასამმაგდება.
"გარდა ამისა, საქართველო აფართოებს შიდასარკინიგზო ინფრასტრუქტურასაც. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დასაკავშირებლად შენდება ორი დიდი გვირაბი, რომელთა მეშვეობითაც სარკინიგზო გადაზიდვების სისწრაფე მოიმატებს 50%-ით, ხოლო გადაზიდვების მოცულობა გასამმაგდება.
ამჟამად ვახორციელებთ საქართველოს გავლით ახალი გზატკეცილის მშენებლობას. გვაქვს რამდენიმე ახალი აეროპორტი, რომლის მენეჯმენტსაც ახორციელებს კერძო სექტორი.
ყველა ეს ინიციატივა ავსებს და ზურგს უმაგრებს სხვა პროექტებს, რომელთა მიზანიცაა ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის დაკავშირება. ჩვენ ვმუშაობთ ტარიფებისა და საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციაზე, რათა შეძლებისდაგვარად გავამარტივოთ ტრანსპორტირება.
დღეს საქართველოს გავლით პროდუქციის ტრანსპორტირება აზიასა და ევროპას შორის საოცრად მარტივი და იაფია, და მომავალში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
ამ კუთხით საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა საქართველოს პორტებზე, რაც სწორედ მოსალოდნელ ეკონომიკურ ტენდენციას ასახავს. უკანასკნელი წლების განმავლობაში კონტეინერების გადაზიდვა საქართველოს პორტებში მნიშვნელოვნად გაიზარდა - 18%-ით 2014 წლის მხოლოდ პირველ რვა თვეში, 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
სწორედ ამ მზარდი მოთხოვნის გამო, ხელისუფლება ახორციელებს ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ანაკლიაში (შავიზღვისპირეთი), რომელიც ყოველწლიურად მიიღებს 100 მილიონ ტონა ტვირთს. 12 კონსორციუმმა მსოფლიოს ყველა კუთხეში გამოთქვა ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი. ამჟამად მიმდინარეობს მათი შეთავაზებების განხილვა",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერაა ორგანიზებული. ფორუმში მონაწილეობას იღებს 300-მდე დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.