ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაციის მოწვევით საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის სამეფოს სტუმრობდა. დელეგაციაში წარმოდგენილნი იყვნენ: ერეკლე ტრიპოლსკი - საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი დავით ჯიქია, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი. საქართველოს მთავრობის აპარატის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინიტროს წარმომადგენელები, მერები და გამგებლები.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ ნორვეგიის ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გაეცნენ ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის განვითარების დაგეგმვის ნორვეგიულ გამოცდილებას. ქართული დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს გააცნეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა თვითმმართველობის რეფორმისა და რეგიონების განვითარების მიმართულებით. ნორვეგიულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას რეგიონული განვითარების სფეროში და გამოთქვა მზადყოფნა შედგომი თანამშრომლობისთვის.
"ნორვეგიის მაგალითი ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლების ყოველი დონის კოორდინირებული მუშაობა და ეკონომიკური განვითარების მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება" - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი გია ჟორჟოლიანი. "ნორვეგიული მუნიციპალიტეტების გამოცდილება ჩვენთვის ფრიად საყურადღებოა" - შეაჯამა ვიზიტის მნიშვნელობა ქალაქ რუსთავის მერმა და საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ჯიქიამ.