საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის ფინანსთა მინისტრის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის რიგით მე-7 გლობალურ ფორუმში, რომელიც ქ. ბერლინში 28-29 ოქტომბერს იმართება.
ფორუმზე დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა. ნოდარ ხადური ისაუბრებს გლობალურ ფორუმთან საქართველოს თანამშრომლობის წარმატებულ დინამიკაზე, გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური სტანდარტის განვითარების კუთხით ჩვენი ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებზე.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეხვედრა გერმანიის ფინანსთა მინისტრთან, ვოლფგანგ შოიბლესთან (Wolfgang Schäuble), რომელზედაც განიხილება ორი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები.
ფინანსთა მინისტრთან ერთად, ფორუმს ესწრებიან მინისტრის მოადგილეები დავით ლეჟავა და ლაშა ხუციშვილი.
საქართველო საგადასახადო მიზნებისათვის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრი 2011 წლის 11 აპრილს გახდა. გლობალური ფორუმის ძირითადი მიზანია, წევრ სახელმწიფოებში საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფა. ამჟამად გლობალური ფორუმის წევრია 122 სახელმწიფო, მათ შორის, G-20-ის და OECD-ის ყველა ქვეყანა.
2013-2014 წლებში გლობალური ფორუმის ექსპერტების მიერ აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოს საკანონმდებლო ბაზის შესწავლა, რომლის საფუძველზე 2014 წლის 4 აგვისტოს გლობალური ფორუმის მიერ გამოქვეყნდა ანგარიში და აღიარებულ იქნა, რომ საგადასახადო გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
2014 წლის ბოლოს დაგეგმილია შეფასების მეორე ფაზის დაწყება, რომლითაც შეფასდება საქართველოში საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის კუთხით არსებული პრაქტიკა.