სამთავრობო პროგრამამ - „აწარმოე საქართველოში", უკვე 25 ახალი საწარმო მშენებლობა დაფინანსდა. „აწარმოე საქართველოში", რომელიც ერთგვარად ჩემი ოცნების პროექტიცაა. მისი განხორციელება სულ ახლახანს დავიწყეთ და უკვე დაფინანსდა 25 ახალი საწარმო. ეს არის ქართული წარმოების ხელშეწყობა, რომლის გარეშეც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ წავა. ჩვენი ხალხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი საწარმოების ამუშავებას, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის გაჩენას, ადამიანების დასაქმებას.ამ პროექტით მე ველოდები, რომ თითოეულ რეგიონში და შემდეგ ეტაპზე თითოეულ რაიონში რამდენიმე ახალი საწარმო გაიხსნება ან ტრადიციული წარმოება აღდგება.
ჩვენ განვითარების უნიკალური შანსი მივეცით კერძო სექტორს.ამისათვის გამოვყავით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100 საწარმო, რომელიც წლების განმავლობაში დაკეტილი იყო და ყურადღებას არავინ აქცევდა, და ბიზნესს მივეცით საშუალება, ეს ქონება შეიძინონ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად; მათ ვუდგებით გარანტორად, რათა აიღონ ბანკებიდან სესხი, ორი წლის განმავლობაში გადაიხადონ სესხის მხოლოდ 1-2 პროცენტი, ხოლო10 პროცენტს სახელმწიფო გადაიხდის", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 2 წლიანი მუშაობის შეჯამებისას.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხდება ბიზნესმენების სტიმულირება საქართველოში წარმოების და, მათ შორის, ტრადიციული წარმოების განვითარებისა და აღორძინებისათვის.
"ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს ამის პოტენციალი. საქართველოში არის იმის რესურსი, რომ ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ პროდუქცია და არ გვიწევდეს აბსოლუტურად ყველა პროდუქტის შემოტანა. არ არის დასამალი, რომ ხშირად შემოდის დაბალ ხარისხიანი ან, მეტიც, უხარისხო პროდუქტი. და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის განთქმული იყო, სხვა რომ არაფერი ვთქვა, თუნდაც მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით.ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ და მაქსიმალურად უნდა წავახალისოთ ქართული პროდუქციის წარმოება.
რა თქმა უნდა, ჩვენი საბოლოო მიზანია,მალე მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ქართული ნაწარმი, რომელიც იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და წარმატებით გაუწევს კონკურენციას უცხოურ პროდუქციას არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.