საქართველოს განსაკუთრებული წინსვლა აქვს ექსპორტის კუთხით, მიიჩნევს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 2012-2014 წლებში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა 24 პროცენტით, მათ შორის, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი ევროკავშირთან 70-პროცენტით, ხოლო რუსეთთან - 534-პროცენტით.
"2 წლის განმავლობაში, ბოსტნეულის ექსპორტი გაზრდილია 53%-ით, ხილი - 91%-ით, მინერალური წყლები - 159%-ით, ღვინო - 221%-ით; ხოლო ციტრუსი - 1040%-ით.
ეს ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრებია, თუმცა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს იმისათვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. უპირველესი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ამ მიმართულებით, არის ბიზნესის გათავისუფლება ხელისუფლების ზეწოლისაგან. ხელისუფლებაში ჩვენს მოსვლამდე სწორედ პოლიტიკური წნეხი იყო ის ძირითადი მიზეზი, რამაც შექმნა ამდენი პრობლემა ეკონომიკაში.დღეს მთლიანად შეცვლილია დამოკიდებულება. სახელმწიფომ შექმნა ისეთი გარემო და პირობები, სადაც კერძო სექტორს შეუძლია სწორად და გრძელვადიანად განვითარდეს.2 წლის განმავლობაში უკვე დარეგისტრირდა და გააქტიურდა 46 ათასზე მეტი ახალი ბიზნესსუბიექტი. ასეთი მიდგომით, შემდგომ ორ წელიწადში ინტენსიურად უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარზე მეტი ბრუნვის მქონე გადამხდელების, ანუ მსხვილი გადამხდელების რაოდენობა 418-ით, ხოლო მათი ერთობლივი შემოსავალი - 4 მილიარდ ნახევარი ლარით გაიზარდა.
ეს მაჩვენებელი განპირობებულია ეკონომიკის გაჯანსაღებით, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებით, ახალი კომპანიების შექმნით და ბიზნესების გამსხვილებით, ანუ კერძო სექტორში მეტი შემოსავლის მობილიზებით",- აღნიშნა ირკალი ღარიბაშვილმა.