მთავრობა ურეკი-შეკვეთილში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამზადებს. დოკუმენტაციის შესადგენად და შესაბამისი მომსახურების შესაძენად კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავრობამ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის ნებართვა მისცა.
"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, პროექტირების, კერძოდ, ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტისა და ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი ასიგნებების ფარგლებში", - აღნიშნულია მთავრობის №1837 განკარგულებაში.