ავიაციის სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება და მკაცრდება. აღნიშნულის შესახებ ცვლილებები "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2013 წელს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IСAO) აუდიტის დასკვნის შესაბამისად, ავიაციის სფეროში დარღვევები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით არასაკმარისად ისჯება, რაც საფრთხეს უქმნის ფრენების უსაფრთხოებასა და საავიაციო უშიშროებას.
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრას და ითვალისწინებს საჯარიმო სანქციების გაზრდას და გამკაცრებას, განსაკუთრებით დარღვევის გამეორების შემთხვევაში. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებული საჯარიმო განაკვეთები ხდება ფიქსირებული.
კერძოდ, სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისთვის ნაცვლად მოქმედი 2 000-დან 20 000 ლარამდე, შემოთავაზებულია ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და ამასთან დგინდება სანქციები განმეორებით ჩადენისათვის;
სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა გამოიწვევს გაფთხილებას ან დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ეს საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. (მოქმედი რედაქციით 500-დან 20 000 ლარამდე) გათვალისწინებული ასევე სანქციები განმეორებით ჩადენისათვის;
საქართველოს საჰაერო სივრცის ნებართვის გარეშე გამოყენების ჯარიმანაცვლად მოქმედი 500-დან 20 000-ლარისა, ფიქსირდება 20 000 ლარის ოდენობით;
კანონპროექტის მიხედვით, ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა 1 000 ლარიდან იზრდება 2 000-მდე; სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა ჯარიმდენა 10 000 ლარის ოდენობით. (მოქმედი რედაქციით 5 000-დან 10 000 ლარამდე).
სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. (მოქმედი რედაქციით- 5 000-დან 10 000 ლარამდე);
მოქმედი ნორმით სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევისათვის ჯარიმა გათვალისწინებულია 5 000-დან 10 000 ლარამდე, პროექტით გამიჯნულია საერთაშორისო და ადგილობრივი დანიშნულების აეროდრომები და შესაბამისად ჯარიმები განსაზღვრულია 20 000 და 10 000 ლარის ოდენობით.
პროექტით სამუშაო ადგილებზე შესაბამისი კვალიფიკაციის არ მქონე ავიასპეციალისტის დაშვებისათვის ჯარიმა ორმაგდება და შეადგენს 10 000 ლარს.