საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი საქართველოს მთავრობის პრეროგატივა ხდება. აღნიშნულის შესახებ ცვლილება "საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ" კანონში შედის. დღეს მოქმედი კანონით კი სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას კოორდინაციას უწევს და მასზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: სს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარეა სს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი.
კანონპროექტის თანახმად, სააგენტო ვალდებული ხდება ყოველ 6 თვეში მთავრობას წარუდგენს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.
სააგენტოს კომპეტენციას ემატება საინვესტიციო პროექტების მონიტორინგის და კოორდინაციის ფუნქცია, რაც გულისხმობს საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგს. სააგენტო უფლებამოსილი ხდება გაეცნოს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმისმასალებს, გამოითხოვოს და შეისწავლოს ინფორმაცია;
ასევე კანონპროექტის თანახმად, სააგენტო მონიტორინგის შედეგების საფუძველზე წარუდგენს რეკომენდაციას მთავრობას ან/და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მონიტორიგნის განხორციელების წესს კი საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. იმავდროულად, სააგენტოს ემატება ბიზნესის და საინვესტიციო საკითხებზე კვლევების წარმოების ფუნქცია.
მონიტორინგისა და კვლევის ფუნქციის დამატების გამო 2015 წლისათვის სააგენტოს წლიური ხარჯი მიმდინარე წელთან შედარებით უნდა გაიზარდოს 426 000 ლარით.
მასალის გამოყენების პირობები