ირანი საქართველოსთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არის. ამის შესახებ, დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, აბას თალებიფარიმ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, დავით შავლიაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა, ირანის ელჩმა საქართველოსა და ირანს შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ და ისტორიულ კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუკი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა ირანის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებაც, რომელიც მომავალ კვირას არის დაგეგმილი. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ირანის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები და ბიზნესმენები არიან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს 30 ოქტომბერს შეხვდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.