23 ოქტომბრიდან „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა" და „ღვინის ეროვნული სააგენტოს" ორგანიზებით დაიწყება ქართული პროდუქციის აქტიური გაცნობა მიმდინარე წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მაშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე „The 15th Western China International fair", რომელიც იმართება ქ. ჩენგდუში, ჩინეთში.
გამოფენის ძირითადი მიზანია წარმოაჩინოს თითოეული მონაწილე ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობები. ღონისძიება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას დამყარდეს კონტაქტი ადგილობრივ ბაიერებთან და მოხდეს ქართული პროდუქციის მაშტაბური პოპულარიზაცია. გამოფენაში „The 15th Western China International fair" 72 ქვეყნიდან 4000-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 400 000-ს აღემატება საიდანაც პროფესიონალი თრეიდერების რიცხვი 20,000-ზე მეტია.
23-26 ოქტომბრის ჩათვლით ქართული სტენდის ფარგლებში „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ხელშეწყობით ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ წვენების, წყლის და ასევე კვების მრეწველობაში მოღვაწე კომპანიები კერძოდ: „კულა" (ხილის წვენების და ჯემების წარმოება) „მარნეულის სასურსათო ქარხანა" (სხვადასხვა საკონსერვო ნაწარმი) „წყალი მარგებელი" (ნაბეღლავი) (მინერალური და წყაროს წყლის წარმოება). ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენენ შემდეგი ღვინის კომპანიები: "მეღვინეობა ხარება", „კახური ტრადიციული მეღვინეობა" „შატო მუხრანი" „ს.ს. ბაგრატიონი 1882", „კახური ღვინის მარანი", „ქინძმარაულის მარანი" და „ქიმერიონი".
„მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" მიზანს წარმოადგენს ქართული კომპანიების უნარების გაძლიერება ექსპორტის პოტენციალის ზრდის კუთხით და მათი დახმარება აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები, ასევე მოახდინონ პროდუქციის დივერსიფიკაცია და აწარმოონ მაღალ კონკურენტუნარიანი საქონელი.
„The 15th Western China International fair" არის რიგით მეოთხე საერთაშორისო გამოფენა, სადაც ქართული კომპანიების მონაწილეობას ორგანიზებას უწევს „მეწარმეობის განვითარების სააგენტო" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. წლის განმავლობაში მოხდა ქართული კომპანიების ხელშეწყობა წარედგინათ საქართველოში დამზადებული პროდუქცია ისეთ მაშტაბურ საერთაშორისო გამოფენებზე, როგორიცაა: GULFOOD 2014 ქ. დუბაი, არაბთა გაერთიანებული ემირატები; „RIGAFOOD 2014", ქ. რიგა, ლატვია და „SIALPARIS 2014", ქ. პარიზი, საფრანგეთი.