კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი ზურაბ კვაჭანტირაძე პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ,,International New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ მას არსად უნახავს დადასტურება, რომ უსუფაშვილის სტატიის გამოსაქვეყნებლად კონკრეტული თანხა გადაიხადა.
,,კრიტიკა იმის თაობაზე რომ სახელმწიფოს მხრიდან თანხები იხარჯება კერძო პირის სარეკლამოდ, ვერ მივიღებთ იმიტომ რომ არსად მინახავს დადასტურება, რომ ხელისუფლებამ პარლამენტის თავმჯდომარის სტატიის გამოსაქვეყნებლად კონკრეტული თანხა გადაიხადა-ეს ერთ. Mმეორე-როცა საუბარია იმაზე რომ ასეთი სტატიები საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება მაპატიეთ, მაგრამ ჩვენს ოპონენტებს ვეტყოდი რომ ჩვენ დღემდე ვიკვლევთ და ვერ გამოგვიკვლევია სად იხარჯებოდა წინა ხელისუფლების დროს მილიონობით თანხა რომელიც გაწერილი იყო უშიშროების საბჭოს არხებით", _აცხადებს კვაჭანტირაძე.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" - დავით უსუფაშვილის ,,International New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში 75 ათას ევრომდეა გადახდილი. ორგანიზაციის ცნობით, 2014 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ International New York Times-ში გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის წერილი სათაურით Saakashvili Prosecuted by His Own Past And Not Putin's "Accomplice" Ivanishvili, რომელშიც გამოთქმული იყო ხელისუფლების მხარდამჭერი მოსაზრებები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.
„ტაბულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის სპიკერის სტატია გამოქვეყნდა როგორც რეკლამა, რაც საქართველოს „მთავრობის მიერ დაარსებულმა" საინფორმაციო ვებგვერდმა agenda.ge-მ, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც სტატიის ქვემოთ იყო განთავსებული, არ დაადასტურა.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ხაზინიდან New York Times-თვის ფული არ გადარიცხულა. თავად დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სტატია მან დაწერა და agenda.ge-ს გადასცა, თუმცა მისთვის მოულოდნელი იყო წერილის New York Times-ში გამოქვეყნება. უსუფაშვილის განმარტებით, სტატიისათვის ფული არც მას გადაუხდია.
ამ მასალასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ გაზეთ International New York Times-ს მივმართეთ და გავარკვიეთ, რომ დავით უსუფაშვილის სტატია გამოცემა agenda.ge-მ International New York Times-ის პარიზის ოფისს დაუკვეთა სექციაში მსოფლიო ამბები (World News), სადაც სრულ გვერდზე რეკლამის განთავსების ღირებულება დაახლოებით 75 000 ევროს შეადგენს. ამასთან, გაზეთის წარმომადგენელმა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დაუდასტურა, რომ უსუფაშვილის წერილი სრულ გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც International New York Times-ის წარმომადგენელმა განგვიცხადა, გაზეთმა მიმართა agenda.ge-ს თხოვნით, გაესწორებინათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დავით უსუფაშვილის სტატია რეკლამაა, თუმცა ამ მოთხოვნაზე მათ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების მიერ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული მასალა რეკლამა აღმოჩნდა.
ორგანიზაციის ცნობით, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" 2011 წელს გამოახმაურა ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას პარლამენტში, სადაც მან აღნიშნა, რომ Financial Times-მა დაწერა სტატია საქართველოზე, რომელიც საქართველოს კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად აცხადებდა. ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად კი გამოქვეყნებული მასალა რეკლამას წარმოადგენდა.
ვინაიდან ეს სტატია მთავრობასთან პირდაპირ დაკავშირებულმა ვებგვერდმა agenda.ge-მ შეუკვეთა, ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას.
ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ უკვე გააგზავნა წერილები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე მთავრობის კანცელარიაში და იმავე მისამართზე მდებარე agenda.ge-სთან.
მნიშვნელოვანია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს, თუ ვინ გადაიხადა 75 000 ევრომდე agenda.ge-ს დაკვეთით გამოქვეყნებულ რეკლამაში: სახელმწიფომ, პოლიტიკურმა პარტიამ, კერძო ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა.