ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით, ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტის TAIEX-ის (Techical Assistance Information Exchange) პროგრამის ფარგლებში, თბილისში მიმდინარეობს სემინარი თემაზე: „ევროკავშირი - საქართველოს დიალოგი სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში".
20 ოქტომბერს სემინარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან დიდი ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში დასანერგ ევროდირექტივებს. ამასთან, როგორც ნათია მიქელაძემ აღნიშნა, მსგავსი სემინარების ჩატარება დაეხმარება საქართველოს მთავრობას აღნიშნული დირექტივების დანერგვაში.
სემინარის მიზანს წარმოადგენს საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარება და ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება - ავტოსატრანსპორტო ოპერატორებისათვის ბაზარზე დაშვებისა და დასაქმების, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდულ ინსპექტირებისა და მათი ტექნიკური მდგომარეობის საგზაო შემოწმებებთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებზე.
სემინარზე პრეზენტაციები წარადგინეს ექსპერტებმა ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან.
ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტის TAIEX-ის (Techical Assistance Information Exchange) პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და ევროკავშირის წესებთან დაახლოებას მძღოლებისათვის მართვის მოწმობების გაცემის, ტაქოგრაფებისა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების, ტექნიკური რეგულაციების, ასევე ტვირთის დაცვისა და ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით.