კომპანია "სისთემ ინშაათ"-ი ბათუმში ბიზნესცენტრის მშენებლობას 2016 წლის 1 ნოემბრამდე დაასრულებს. კომპანიამ აჭარის მთავრობას ვალდებულების შესრულების ვადის გადაწევა სთხოვა, რაზეც მთავრობისგან დადებითი პასუხი უკვე მიიღო.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ინვესტორმა ითხოვა, რომ შენობა-ნაგებობის მზიდი და არამზიდი კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობის დასრულების ვადა 2015 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2015 წლის 30 აგვისტო განსაზღვრულიყო.
ასევე არანაკლებ 40 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შეყვანისათვის საჭირო განსაზღვრული ვადა 2016 წლის 15 იანვრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე გადაწეულიყო.
აჭარის მთავრობამ ინვესტორის თხოვნაზე უკვე იმსჯელა და კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის დამატებითი ვადა მისცა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორია/რუსთაველის ქ. #4/6-ში მდებარე 3997 კვ/მ და 182 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია "სისთემ ინშაათ"-მა, 2012 წლის დასაწყისში, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდა. ეს იმ ფონზე, როდესაც იმ დროს აღნიშნული ქონების ღირებულება - 1 მლნ 316 ათას 385 ლარად იყო შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართულ თურქული კომპანია "სისთემ ინშაათი" ბათუმში ორ უმაღლესი დონის სასტუმროს აშენებასაც აპირებდა, თუმცა საბოლოოდ პროექტი არ განხორციელებულა.