აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების უპილოტო კოსმოსური ხომალდი Boeing X-37B, დედამიწის ორბიტაზე ორწლიანი ყოფნის შემდეგ, რაც ანალოგიური ფრენებისთვის ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, კალიფორნიაში, ვანდენბერგის სამხედრო ბაზაზე დაჯდა.
ხომალდი ორბიტაზე 674 დღე იმყოფებოდა.
ამ დრომდე არაფერია ცნობილი საიდუმლო შატლის ფრენის მიზნებზე, თუმცა დასავლური მედიის ინფორმაციით, ხომალდზე სადაზვერვო მოწყობილობები იყო გათავსებული.
ბი-ბი-სის კორესპონტენტი ჯონათან ადამსი, რომელიც სამეცნიერო თემატიკას აშუქებს აცხადებს, რომ რეალურად არავინ იცის ეს აპარატი რას აკეთებს.
„ერთადერთი საღი აზრი, იმათ შორის რაც მომისმენია, მდგომარეობს იმაში, რომ ეს აპარატი ახდენს ტექნოლოგიების ტესტირებას, რომლებიც შემდგომ გამოყენებული იქნება კოსმოსური თანამგზავრების შექმნისას", - აცხადებს ადამსი.
ადრე პენტაგონი მიუთითებდა, რომ მრავალჯერადი გამოყენების აპარატი განკუთვნილია დაზვერვითი ამოცანების შესასრულებლად.
თანამგზავრებისგან განსხვავებით, რომლებსაც გამოყენების მოკლე ვადა აქვთ და კონკრეტული ამოცანების შესრულების შემდეგ ან ნადგურდებიან ან გადიან ორბიტიდან, ასეთი აპარატის გამოყენება მილიარდობით დოლარის ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა.
ბოინგის მიერ შექმნილი აპარატი ორბიტაზე 2012 წელს გავიდა. მომავალ წელს დაგეგმილია აპარატის მორიგი გაშვება კოსმოსში.
მასალის გამოყენების პირობები