16 ოქტომბერს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში გაიმართა კონსტანცა-ბათუმი-ილიჩევსკის ნავსადგურებს შორის ახალი საბორნე ხაზის გახსნის საზეიმო ცერემონიალი.
საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ილია გიორგაძე.
საბორნე ხაზის ოპერირებას განახორციელებს უკრაინული კომპანია ,,უკრფერი". საბორნე ხაზს მოემსახურება შერეული ტიპის (სამგზავრო/სარკინიგზე/Ro-Ro) ბორანი ,,გრეიფსვალდი" (ტევადობა: 50 სატვირთო ავტომობილი, 50 ვაგონი, 150 მგზავრი). მიმოსვლა იწარმოებს კვირაში 1 ან 2 სიხშირით.
აღსანიშნავია, რომ კონსტანცასა და ბათუმის ნავსადგურებს შორის პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენას წინ უძღოდა ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება - „რუმინეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის საბორნე ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ". დოკუმენტს ხელი მოეწერა 2013 წლის 24 ოქტომბერს ქ. თბილისში.
პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენა კონსტანცას, ბათუმისა და ილიჩევსკის ნავსადგურებს შორის ხელს შეუწყობს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტოს დერეფნის განვითარებასა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზებას.