ლიტვის რესპუბლიკაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა. საქართველოს ვიცე-პრემიერისთვის სპეციალურად გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ მხარეებმა მოლაპარაკებების დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც საქართველოს მიერ ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ლინას ლინკევიჩიუსმა აღნიშნა, რომ ენერგოუსაფრთხოება ბალტიის ქვეყნებისთვის პრიორიტული საკითხია. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მიერ საერთაშორისო ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველო ნატოს არაწევრი პირველი პარტნიორი -კონტრიბუტორი ქვეყანაა, რომელიც ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს მიუერთდა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართული მხარის მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი აუცილებლად გახდება.